
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს შორის საზღვარზე რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელების მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობას განცხადებით ეხმაურება.
განცხადების თანახმად, ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესება რუსული მხარის მიერ 2025 წლის ივნისის მეორე ნახევრიდან საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციის გააქტიურებამ გამოიწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "შესაბამის ორგანოებთან ერთად გატარებული ზომების" შედეგად, ივნისის ბოლოდან "უკვე შესაძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერული ზონიდან უკრაინის 44 მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება".
თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებდა დეპორტირებული პირების უფრო მეტი რაოდენობის გაგზავნას, რასაც საგარეო, სავარაუდოდ, "მიზანმიმართულ ოპერაციას" უწოდებს.
"რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვარზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების შესახებ მედიის მიერ გაგზავნილი შეკითხვების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი განმარტებების მიცემას.
2025 წლის ივნისის მეორე ნახევრიდან რუსულმა მხარემ გააქტიურა უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსთან საზღვარზე, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესება რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე მდებარე დარიალის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად გატარებული ზომების წყალობით, ივნისის ბოლოდან უკვე შესაძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერული ზონიდან 44 უკრაინის მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება.
ამავდროულად, რუსეთი აგრძელებდა დეპორტირებული პირების უფრო დიდი რაოდენობის გაგზავნას, რაც შესაძლოა რუსეთის მიზანმიმართულ ოპერაციაზე მიუთითებდეს. ამჟამად, დარიალის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბუფერულ ზონაში უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საჯაროდ უკვე მიმართავდა რუსულ მხარეს მოწოდებით, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაეგზავნათ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინა აცხადებს, რომ მზადაა, უშუალოდ მიიღოს თავისი ხალხი და არა გვერდის ავლით, საქართველოსა და მოლდოვას გავლით, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის უგულებელყოფს ამ მოწოდებას, რაც საგარეოს თანახმად, ასევე მიუთითებს მოსკოვის შეგნებულ სურვილზე, შექმნას ჰუმანიტარული კრიზისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე ამ ქვეყნებისა და უკრაინის დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან თანამშრომლობით, მუშაობს ამ ჰუმანიტარული კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად.
"ამ საათებში, უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართველ, ასევე მოლდოველ კოლეგებთან ყველა დონეზე, რათა მოიძებნოს უსწრაფესი გამოსავალი უკრაინის მოქალაქეების მოლდოვას ტერიტორიაზე ტრანზიტისა და დარიალის გამშვები პუნქტიდან უახლოეს მომავალში ხალხის შემდეგი ჯგუფების დაბრუნებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კრემლი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც თავდაპირველად გასამართლებული იყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომში რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. შემთხვევების უმეტეს ნაწილში ისინი სასჯელს რუსულ პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ, სადაც ისინი რუსებმა იძულებით გადაიყვანეს.
საზღვარზე მყოფი ადამიანების ნაწილმა მოგვიანებით შიმშილობა დაიწყო. მოშიმშილეთა მოთხოვნებია: უკრაინელი კონსულის დაშვება, დაკავების მიზეზების განმარტება, საქართველოს დატოვების ან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება, სამედიცინო შემოწმება და "უკანონო დაკავების" შეწყვეტა. მათი განცხადებით, შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.