
რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების მომსახურების მიმწოდებელზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო ევროპის აეროპორტების ნაწილი შეფერხებით მუშაობს.
ამ დროისთვის პრობლემებია ბერლინის ბრანდენბურგის, ბრიუსელისა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტებში.
პრობლემების გამო ბრიუსელის აეროპორტში ფრენების 50% გაუქმდა, ბერლინში კი რეისები დაგვიანებით სრულდება.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა პერსონალი გაზარდა, თუმცა მაინც შეფერხებით მუშაობს. აეროპორტი მგზავრებს ურჩევს, მისვლამდე ავიაკომპანიასთან გადაამოწმონ, შესრულდება თუ არა მათი ფრენა.
კიბერშეტევა პარასკევს მოხდა. ამის გამო აეროპორტების ნაწილში პრობლემები გუშინაც იყო. FlightRadar-ის ცნობით, შაბათს 500-ზე მეტი რეისი შეფერხდა.