პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ვერსიას, რომ ჯობავამ იარაღიან თავდამსხმელზე იძალადა

პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ვერსიას, რომ ჯობავამ იარაღიან თავდამსხმელზე იძალადა

სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს ვერსიას, თითქოს ლევან ჯობავამ იარაღიან თავდამსხმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ისინი ავრცელებენ ვიდეოსაც, რომელშიც, მათი მტკიცებით, "აქციის მონაწილეები თავდამსხმელზე ძალადობენ".

ეს თავდამსხმელი დააკავეს, 19 სექტემბერს კი გაათავისუფლეს. მიზეზად შსს-მ ჩატარებული ექსპერტიზა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, მათი მტკიცებით, არ დასტურდება, რომ იარაღი იყო ცეცხლსასროლი.

პოლიციამ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.

ძალადობის მუხლით საქმის აღძვრამდე, ლევან ჯობავა ბესიკის ქუჩაზე იარაღის ამოღების საქმეზე სასამართლოში გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ მან ნეტგაზეთს უთხრა, რომ დაუსვეს მაპროვოცირებელი შეკითხვები.

"იყო მაპროვოცირებელი შეკითხვები. ისეთი, რომელიც რაღაცნაირად საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისკენ მიბიძგებდა… ადგილზე, როდესაც 10-დან 20 პოლიციელამდე იყო ჩემ გარშემო და როდესაც იარაღი დამიმიზნეს, არანაირი ემპათია მათი მხრიდან, ადამიანური თანაგრძნობა, მხარდაჭერა არ მიგრძნია. შეკითხვებშიც ეს ჩანდა – "შენ ხომ არ მიგიყენებია შეურაცხყოფა?", "შენ ხომ არ გიძალადია?", - თქვა ლევან ჯობავამ.

15 სექტემბერს თავდასხმის დროს დემონსტრანტების თქმით, აქციის მონაწილე ლევან ჯობავამ, თავდასხმელს იარაღი წაართვა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ აღნიშნული ტერიტორიიდან გაიყვანა და კაფეში შეიყვანა, რა დროსაც მასთან არ იმყოფებოდა ადვოკატი.

საზოგადოებრივი მაუწყების მარშის მონაწილეებს ბესიკის ქუჩაზე არსებულ კაფესთან თავს 15 სექტემბერს დაესხნენ.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას.

აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.

ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს", - წერდა შსს.

მარშის წევრმა გოტა ჭანტურიამ, ასევე აქციის მონაწილე სხვა თვითმხილველებმაც თქვეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ჰქონდა იარაღი - მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ იარაღიანი პირი დააკავეს.