უკრაინამ კურსკში კიდევ ერთი, რიგით მე-3 სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურა

უკრაინამ კურსკში კიდევ ერთი, რიგით მე-3 სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურა

უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

უკრაინული მედიების ინფორმაციით, ეს რუსების ლოგისტიკისთვის ძლიერი დარტყმაა - ახლა რუსი სამხედროების მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი.

თუ მესამე გადასასვლელის განადგურება დადასტურდა, მაშინ სამხრეთით მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ალყაში აღმოჩნდებიან.

ეს კურსკის ოლქში რიგით მესამე ხიდია, რომელიც უკრაინელებმა გაანადგურეს. 16 აგვისტოს იერიშის შედეგად პირველი, ხოლო 18 აგვისტოს მეორე სტრატეგიული ხიდი დაინგრა.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.