
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იგი ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე დგომით ვალენტონენმა კანონი დაარღვია და ამასთანავე "შიდა ტერორისტების" მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ქართველი ხალხი "არ აპირებს ამ არასერიოზულობას" შეეგუოს და დაამატა, რომ "პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი" ეუთო-ს თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებდა.
"როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, თბილისის ცენტრალური გამზირის გადაკეტვისას კანონდარღვევის ამსახველი ვიდეო გადაიღო, ის ექსტრემისტული ჯგუფების ერთ-ერთ სამარცხვინო წარმომადგენელს ესაუბრებოდა.
მეორე ვიდეოში, მარიამ მეყანწიშვილი, იგივე ექსტრემისტი, რომელიც მინისტრთან საქართველოში "დემოკრატიული სტანდარტების სიმწირეზე" ჩიოდა, ამხილეს, როგორც 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის პროცესში მონაწილე ძალადობრივი ბრბოს ერთ-ერთ ორგანიზატორი. ამის ამსახველი კადრები დღეს დილით, მისი დაკავების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი მხარს უჭერს შიდა ტერორიზმში ჩართული პირებს, ჩნდება კითხვა: მან არ იცის, რას აკეთებს, თუ განზრახ უჭერს მხარს ბოროტებას? არცერთი პასუხი არ არის ნუგეშისმომცემი.
ყველა ქართველისთვის აშკარა იყო — რომ მინისტრის გამოჩენა პარლამენტის წინ რადიკალების მხარდაჭერას ნიშნავდა და ეს ფაქტობრივად დადასტურდა. სწორედ ასეთი არასერიოზული აქტივიზმია ევროკავშირის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მაგალითი. ჩვენ, ქართველებს, არ გვაქვს უფლება, მხარი ავუბათ ან შევეგუოთ ასეთ არასერიოზულობას, ვინაიდან ეს საშიშიცაა და ჩვენი ღირებულებებისთვის უცხოც. სინამდვილეში, ეს არის ნამდვილი პრობლემა, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან აქვს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სრულად ვაცნობიერებ, რომ სწორი საქციელის მოთხოვნა უშედეგოა. თუმცა, შიდა ტერორისტების მხარდაჭერაში მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებდა", - წერს პაპუაშვილი.
14 ოქტომბერს ფინეთის საგარე საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.
"გზის გადაკეტისთვის" იგი "ოცნების" შსს-მ 5000 ლარით დააჯარიმა.
15 ოქტომბერს კი "ოცნების" მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა "კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო" გააუქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.