უკრაინა აცხადებს, რომ კურსკის ოლქის 82 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი

უკრაინა აცხადებს, რომ კურსკის ოლქის 82 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამხედრო შტაბის სხდომაზე თქვა, რომ უკრაინამ შექმნა პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამავე სხდომაზე მან განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა 82 დასახლებაზე, შესაბამისად, 1 150 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი.

"საბოლოო ჯამში, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან ჩვენმა სამხედროებმა 35 კილომეტრის სიღრმით წაიწიეს წინ", - თქვა მან.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.