
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკვე მომავალ თვეს, ან შემდეგ წელს შეიტანოს.
"ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის შევიტანთ განაცხადს. ეს შეიძლება მოხდეს მომავალ თვეს, ან იქნებ მომავალ წელს. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა მან.
მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში მიღებული ახალი კანონი ავალდებულებს მთავრობას, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით იმუშაოს, რაც საგარეო პოლიტიკაში ფორმალურ ცვლილებას ნიშნავს.
„როგორც აღვნიშნე, ეს ახლა ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა“, – დასძინა მან.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე, კერძოდ, ყოვლისმომცველ და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე და მიმდინარე ვიზალიბერალიზაციის დიალოგზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთის მოქალაქეები გვთხოვენ წინსვლას. ჩვენ ასევე გვესმის მათგან გარკვეული კრიტიკა შესაძლო შეფერხებებისა და ხანგრძლივი პროცედურების გამო“, – აღნიშნა მირზოიანმა.
ცნობისთვის, 26 მარტს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზის გაგრძელებას ავალდებულებს.
უნდა აღინიშნიოს, რომ ამ ნაბიჯმა რუსეთის კრიტიკა გამოიწვია. კრემლში განაცხადეს, რომ ევროკავშირში და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია.