ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. დღეიდან იწყება 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ცესკოს უნდობლობას უცხადებდნენ.

"შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, დასრულებულია საარჩევნო პერიოდი", - თქვა კალანდარიშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრის, დავით კირთაძის სიტყვით გამოსვლას კი დაპირისპირება მოჰყვა. კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კირთაძემ კალანდარიშვილს საღებავი მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

კალანდარიშვილი ამბობდა, რომ კირთაძის გამოსვლა შემაჯამებელ ოქმს არ უკავშირდებოდა და მან 2-წუთიანი რეგლამენტიც დაარღვია. ამას კომისიის წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კირთაძე წამოდგა და თავისი მაგიდიდან ჭიქა აიღო, საიდანაც შემდეგ კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.

თითქმის 20-იანის შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გიორგი კალანდარიშვილს განახლებულ სხდომაზე მარცხენა თვალი შეხვეული ჰქონდა.