
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 10 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 275 948 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 7.85%-ია.
ცესკო-ს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"გაცნობებთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით არის 275 948 ამომრჩეველი - ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში", - აცხადებენ ცესკო-ში.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 10 საათის მონაცემებით თბილისში 63 500 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 6.09%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 10 საათის მონაცემებით თბილისში 70 599 ამომრჩეველი იყო მისული - 7%.
ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით 7.41% იყო - 259 273 ამომრჩეველი.