წილოსანი იმეორებს ივანიშვილის სიტყვებს, რომ ენმ "ნიურნბერგის პროცესივით" უნდა გასამართლდეს

წილოსანი იმეორებს ივანიშვილის სიტყვებს, რომ ენმ "ნიურნბერგის პროცესივით" უნდა გასამართლდეს

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს იმეორებს და ნაციონალური მოძრაობის ნიურნბერგის პროცესის სტილში გასამართლებაზე საუბრობს.

"ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა იხდის სასჯელს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის და ზოგადად, სამართლის აღსრულების დაპირების შესრულებაა, თუმცა ახლა რასაც ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს, ეს არის მათი პოლიტიკური დასასრული. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც მავნებლური იდეა, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია ატარებს, უკვე სამუდამოდ უნდა დასრულდეს და გასამართლდეს ნიურბერგის პროცესივით. ეს იყოს საჯარო, სახალხო", - თქვა წილოსანმა.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გუშინ მცხეთაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვიდა, საუბარი კი ნაციონალური მოძრაობაზე თავდასხმით და მუქარით დაიწყო.

ივანიშვილმა თქვა, რომ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ენმ-ის გასამართლებლად სჭირდება. მისი სიტყვებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესად" უნდა იქცეს.