რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მცხეთაში გამოვიდა, საიდანაც მმართველმა პარტიამ დღეს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ივანიშვილმა შეკრებილებს მისთვის განცალკევებით მოწყობილი შემინული ტრიბუნიდან მიმართა. მანამდე კი სიტყვით ოცნების სხვა ლიდერები გამოვიდნენ.
ივანიშვილმა საუბარი ნაციონალური მოძრაობაზე თავდასხმით და მუქარით დაიწყო. მისი თქმით, ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ენმ-ის გასამართლებლად სჭირდება. ივანიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესად" უნდა იქცეს.
"ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე 2 ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობა საქართველოსვე დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისთვის კი ნაციონალური მოძრაობის გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური სასჯელისგან ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.
[...]26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად ნაციონალური მოძრაობისთვის, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელისმომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური სასჯელისგან ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს. საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, როცა პოლიტიკურ სისტემაში კრებსით ნაციონალურ მოძრაობას პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ", - თქვა ივანიშვილმა.
ოცნების საპატიო თავმჯდომარის გამოსვლა ჰომოფობიურ გზავნილებსაც შეიცავდა. ივანიშვილმა ოცნების მიერ ინიცირებულ პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონპროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ამ კანონის მიღებას შეძლებენ.
გარდა ამისა, ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში "ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს", რა დროსაც კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იქნება აუცილებელი, კერძოდ, უნდა გადაისინჯოს, ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა.
"დღეს მსოფლიოში ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი ნაციონალური მოძრაობა ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება", - თქვა ივანიშვილმა.
ბოლოს კი, ოცნების დამფუძნებელმა კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა, რომელსაც, მისი მტკიცებით, "საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს". ივანიშვილმა არ დააკონკრეტა რაზე საუბრობს, რადგან, როგორც ის ამბობს, კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.