
"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტეხის ხიდთან აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შსს ამტკიცებს, რომ ადგილზე დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის დაიწყო. უწყება ირწმუნება, რომ სწორედ ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
"მიმდინარე წლის, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
პოლიცია უმოკლეს დროში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა.
ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები.
გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად ჩავაყენებთ საქმის კურსში", - ამტკიცებს შსს.
იქ მყოფი აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებული 10-მდე ადამიანი თავს, დაახლოებით, 1 საათის წინ დაესხა.
შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს იგორ ნარმანიას და 15 წლის ბიჭს თავი აქვთ გატეხილი.