გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "...ჩვენს საქმეს აზრი აქვს - შედეგის მიუხედავად."

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "...ჩვენს საქმეს აზრი აქვს - შედეგის მიუხედავად."

ნაწილი ემზადება არჩევნებზე წასასავლელად, რომ ძალაუფლების სრულ უზურპაციაში რეჟიმს ხელი შეუშალოს, აი დაახლოებით ისე - შიგნიდან კარს რომ კეტავენ და ფეხს ჩაუდგამ, სანამ სხვები მოგეხმარებიან..

ნაწილს ამ "ფეხის ჩადგმით" პროცესის შეჩერების იმედი არ აქვს და რუსთაველზე დიდ შეკრებაზე მიდის, რომ დიქტატორის მიერ ჩარაზულ და მიტაცებულ სახელმწიფო შენობას ახალი კარი გაუკეთოს და ისე დაიბრუნოს.

ზოგი ამ ორ მცდელობას შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს და ორივე მცდელობაში თავის წვლილს ვალდებულებად მიიჩნევს.

ისეთებიც არიან, არჩევნებზე ოპოზიციას რომ შემოხაზავს, თუმცა რუსთაველზე არ გავა მისთვის ბუნდოვანი გეგმისა და წარუმატებლობის საფრთხის გამო... თუმცა ცვლილებების აუცილებლობას ეჭვქვეშ ოდნავადაც არ აყენებს...

ასე მოფიქრალ და მოქმედ ყველა ადამიანს თუ ვერ მიიღებ - გაუგებ, მაგრამ როგორ გავუგოთ მათ, რომლებიც აპირებენ არჩევნებზე მისვლას იმისთვის, რომ თვით "ოცნების" კორუმპირებულ სისტემაში გამორჩეულად კორუმპირებულ კალაძეს ხმა მიცეს, კიდევ ერთხელ შემოხაზოს 41, რომელიც ქართველებს ენას და მის შინაარსს გვიცვლის, ყველა ღირებულ ტრადიციას - საუკუნეების მანძილზე თაობების მიერ ნაშენებ ზრდილობისა და კულტურის წესებს თავქვე ამხობს, ცივილიზებულ სამყაროში თავს ლაფს გვასხავს და ცოცხლებს კიდევ რა გვიჭირს, მკვდრების ხსოვნას, მათ ცხოვრებისეულ ღვაწლს, მათ თავგანწირვას და ამ თავგანწირვის მიზეზს შეურაცხყოფს; წინასწარ აანონსებს სრულ დიქტატურას - პარტიების გაუქმებას, მის კონტროლს მიღმა არსებული ფინანსური რესურსის მქონე ბიზნესმენების, მათი ნათესავების და დაკავშირებული პირების ქონების ექსპროპრიაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის ჯერ აგენტებად გამოცხადებას და შემდეგ მოხრჩობას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებით ციხეების გავსებას და ქვეყნიდან წასვლის იძულებას.

მართლა „რუსულ კოშმარად“ ქცეული „ოცნება“ სახელმწიფოს ყველა ნაშთს, მის ღირებულებით, სამართლებლივ, ეკონომიკურ, თუ დემოგრაფიულ რესურს შიგნიდან ღრღნის და აცამტვერებს.

41-ის კიდევ ერთხელ შემომხაზველი, რაგინდ უბრალოდ არ მიაჩნდეს თავი - ზუსტად ამას აკეთებს, რადგან ყველა ეს ზიანი - შეგნებული და წინასწარ გაცხადებულია ამ ნომრის და სახელის უკან მდგომი პოლიტიკური ძალის, კრიმინალურ მმართველობით სინდიკატად გადაქცეული რეჟიმის მიერ.

დანარჩენს - არჩევნებზე ოპოზიციის მხარდამჭერს, მერე იქიდან რუსთაველზე მიმსვლელს, თუ ვერ მიმსვლელს და შორიდან გულშემატკივარს - ყველას თავისი სიმართლე აქვს...

აი, დღეს კიდევ „ოცნების“ მხარდაჭერისთვის არანაირი სიმართლე არ არსებობს - ან არსებობს მხოლოდ პროპაგანდისტულ სიბნელეში ღრმად იზოლირებულ/თვითიზოლირებული, ან სახელმწიფოს და საზოგადოების საყრდენი საფუძვლების ნგრევაში გააზრებულად მონაწილე ადამიანი, რომელიც მოლდოვას პრეცედენტის შემდეგ ვერც ომის შიშს დააბრალებს მის საქციელს და ვერც ფაქტობრივად განადგურებული და ციხეებში გამომწყვდეული პარტიების და მათი ლიდერების მდგომარეობის გათვალისწინებით ,,დაითრგუნება“ 13 წლის თავზე „ნაცების“ მობრუნების პერსპექტივით.

ისტორია გვასწავლის: გარე მტერზე მძიმე კვალს შენიანის გულგრილობა ტოვებს. როცა რეჟიმი ცდილობს ქვეყანას კარი შიგნიდან ჩაურაზოს, ჩვენი პასუხისმგებლობაა არ დავრჩეთ სახლში. ჯერ კიდევ შემორჩენილი ყველა დემოკრატიული მექანიზმი გამოვიყენოთ და ევროპული პერსპექტივის მკვლელების მხარეს არ აღმოვჩნდეთ.

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა, რომელსაც ნაცნობები თუ უცნობები მისვავენ ასეთია - ყველა სირთულის გათვალისწინებით მაქვს თუ არა გამარჯვების იმედი? საქმე იმაშია, რომ მთავარი ის არაა მე, ან თქვენ რისი იმედი გვაქვს, ამაზე მნიშვნელოვანი კიდევ უფრო სხვა რამეა და ამას ვაცლავ ჰაველის სიტყვებით ავხსნი:

,,იმედი არაა წარმატების გარანტია.. იმედი არის იმის ცოდნა, რომ ჩვენს საქმეს აზრი აქვს - შედეგის მიუხედავად.“

შესაბამისად, ეს შედეგიც აუცილებლად დადგება!