წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, არა რუსულ კანონს

წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, არა რუსულ კანონს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს.

"ჩვენ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ვაპროტესტებთ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, ლექტორ მასწავლებლების პოზიცია. ქართული ცნობიერება და და განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს. საქართველოს, მისი ხვალინდელი დღის ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია! #არარუსულკანონს!", - აცხადებენ ისინი.

***

საქართველოს მასშტაბით სტუდენტური გაფიცვა დაიწყო - რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გამოვივიდნენ. გაფიცვის და პროტესტის დაწყების შესახებ პირველი განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11 მაისს გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ორშაბათიდან [13 მაისი] უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. ამასთან, თსუ-ის სტუდენტებმა მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ამავე დღეს, განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც ისინი თსუ-ის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და გაფიცვაში უერთდებოდნენ.

სტუდენტურ გაფიცვას 12 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იქამდე იქნებიან გაფიცულები, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც 12 მაისს შეუერთდნენ. "ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე!, - ამბობენ თსსუ-ის სტუდენტები.

გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ - 12 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ამბობენ, რომ "სტუდენტების მასობრივი პროტესტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მიმდინარე პროცესებში".

გარდა ამისა, გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარი თქვეს.

განცხადება გაფიცვის შესახებ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა. მათი თქმით, სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.

13 მაისს, გაფიცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ.

გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. მათ განცხადებაში წერია, რომ "უერთდებიან ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ტოვებენ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. "გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევს".

გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

გაფიცვას შეუერთდნენ ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების, რომლებმაც საპროტესტო აქციას მოაწყეს.