კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ის სტუდენტებს. ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ. რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. სტუდენტების თქმით, დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ "ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას". ამასთან, თსუ-ის სტუდენტებმა მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.