პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერები ბრიტანეთის საგარეო მდივანს წერილით მიმართავენ

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერები ბრიტანეთის საგარეო მდივანს წერილით მიმართავენ

საქართველოში დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანს ივეტ კუპერს მიმართავენ და ირანის გავლენის "უპრეცედენტო გაფართოების" გამო ქართული ოცნების მთავრობისა და მისი მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ წერილი საგარეო საქმეთა მდივანს რუსთავის ციხიდან 7-მა პოლიტიკოსმა მისწერა.

"ბოლო წლებში, ქართულმა ოცნებამ და მისმა პატრონმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის კონტროლის კონსოლიდაცია, რითაც სრულად იტაცებენ სახელმწიფოს", - წერენ პოლიტიკოსები.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ითხოვენ სანქციების დაწესებას პირებზე, რომლებიც აღრმავებენ კავშირებს ირანთან და ასევე, პროპაგანდისტული გამოცემების მფლობელებზე, რომლებიც ავრცელებენ რუსეთიდან გამოგზავნილ დეზინფორმაციას, რომლის სამიზნეც ზოგჯერ სწორედ რომ დიდი ბრიტანეთია.

წერილში ოპოზიციონერები აღნიშნავენ:

"გვაშფოთებს, რომ ქართული ოცნების ძირითადი მხარდამჭერები – ბიზნეს-პარტნიორები, ივანიშვილის ოჯახის წევრები და პროპაგანდისტული არხების მფლობელები, რომლებიც სანდო წყაროების მიხედვით ავრცელებენ რუსეთიდან გამოგზავნილ დეზინფორმაციას, ზოგჯერ პირდაპირ ბრიტანეთზე დამიზნებულს – მაინც აგრძელებენ სარგებლის მიღებას ბრიტანეთის ფინანსური სისტემით, ზოგიერთი მათგანი კი ლონდონში ოპერირებს.

პატივისცემით გთხოვთ, განიხილოთ სანქციების გაფართოება იმ პირებზე, მათ სტრუქტურებსა და ოჯახის წევრებზე, რათა ვეღარ ისარგებლონ დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული საზოგადოების სარგებლით, მაშინ, როცა მასვე ანგრევენ".

აქვე გამოცემა იხსენებს ცოტა ხნის წინანდელ სტატიას, რომელშიც წერდა Hunnewell Partners-ის შესახებ, რომელიც ლონდონში მდებარეობს და ტელეკომპანია იმედს ფლობს - ამ ტელეკომპანიას კი, გამოცემის მიხედვით, ევროკავშირი ადანაშაულებს, რომ პროსამთავრობო პროპაგანდის მეგაფონია.

The Guardian წერს, რომ ტელეკომპანია იმედი დეზინფორმაციის გავრცელებასა და პრორუსულობას უარყოფს.