წერეთელი: არ მეგულება ცივილიზებული მმართველი, რომელიც ხალხს ოპოზიციის აკრძალვას ჰპირდება

არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პოლიტიკურ საქმიანობას აკრძალავს და ამისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

ის, რაც ქართული ოცნების ლიდერებისგან მოვისმინეთ ისევ წარსულზე საუბარი, ისევ ოპონენტებზე შეტევა და არანაირი იმედი, სამომავლო პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ერთიანობაზე იყოს ზრუნვა და გლობალური გამოწვევების თუ შიდა პოლარიზაციის მოგვარება მოხდეს.

ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანას არა ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება სჭირდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესშია, არამედ სჭირდება ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი და გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები, იქნება ეს პენსია, მომუშავე ადამიანების შემოსავლები, ემიგრაციის შეჩერება, ინვესტიციების მოზიდვა, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება.

სწორედ ამისთვის საჭიროა დასავლეთთან სწრაფი ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამგვარად ქვეყნის გაძლიერება, სხვა გზა მხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროებში დაგვტოვებს და სწორედ ეს არის რეგრესის და სახელმწიფოებრივი დაკნინების საფუძველი.

ამიტომ არჩევნებზე საზოგადოების მაქსიმალურმა აქტივობამ, ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციამ მმართველობის ოლიგარქიული მოდელის აუცილებელი ცვლილება უნდა მოიტანოს.

ამბობს კოალიცია ერთიანობის ლიდერი გიგი წერეთელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელიც ამომრჩეველს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ჰპირდება.