თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა პატიმრების გაცვლის შეთანხმებაზე, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნიც უნდა ყოფილიყო. ეს განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
ჯეიკ სალივანი აშშ-ის პირველი მაღალჩინოსანია, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ალექსეი ნავალნის გასათავისუფლებლად.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას იმ პირობით, თუ ალექსეი ნავალნი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. მან თქვა, რომ ნავალნის გაცვლის იდეა დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში "ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა ზოგიერთმა კოლეგამ" შესთავაზა.
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამბობდა, რომ ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გაცვლა FSB-ს ოფიცერზე, ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში მკვლელობაშია მსჯავრდებული.
ცნობისთვის, ვადიმ კრასიკოვი 1 აგვისტოს თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა.
***
16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა. ნავალნი 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახს ცხედარი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გადასცეს.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.