თბილისიმარათონი 2024-თან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე, 21 სექტემბრის 23:45-დან 22 სექტემბრის 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედანს, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
"რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება კოსტავას ქუჩს, შემდეგ კი გადაადგილდება დადგენილი სქემით.
N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
რაც შეეხება თავად ღონისძიებას, „თბილისიმარათონი“ 22 სექტემბერს გაიმართება, რის გამოც, ამავე დღის 06:00-დან 11:00 საათამდე, ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ბაქოსა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ზაარბრუკენის მოედანსა და ხიდზე, სკუდიერის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩასა და მოედანზე, მეტეხის ხიდზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.
გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.
გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს.
გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.
ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასლის ქუჩას და მოძრაობას, კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.
თბილისიმარათონის მიმდინარეობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
N301, N310, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, რის შემდეგაც გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულიას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N310-ის მეორე ნაწილი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან მგზავრებს მოემსახურება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, უკან კოსტავას ქუჩით დაუკავშირდება გმირთა მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით;
ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩას და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩებით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით;
ავტობუსები: N306, N308, N314, N342, N352 და N358 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, უკან კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 მგზავრებს მოემსახურებიან ვაკიდან სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, უკან კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და უკან;
რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და უკან კრწანისის ქუჩის საშუალებით დაბრუნდება; ავტობუსი N300 ჩიტაიას მოედნიდან იმოძრავებს ჩიტაიას ქუჩით სადგურის მოედნის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება გმირთა მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იმოძრავებს ანალოგიური მარშრუტით.
შეზღუდვის პერიოდში N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით, დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების საშუალებით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გამოიყენებს და სააკაძის მოედნიდან დაუკავშირდება გოთუას ქუჩას.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N541 მგზავრებს დიდი დიღმიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე გადაიყვანს; N472 და N534 პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით;
N540 ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გმირთა მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან მოუხვევს და გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც დადგენილ მარშრუტს გამოიყენებს; N427 გიორგი გურამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე;
მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან გზას გააგრძელებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან, ევროპის მოედანზე მოუხვევენ და ბარათაშვილის აღმართით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ; N480 ორთაჭალის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მგზავრებს გადაიყვანს ვარკეთილიდან კრწანისის მოედნამდე და უკან;
მიკროავტობუსი N536 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების მიმართულებით, დაუკავშირდება ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, ბოლო გაჩერება კი, ბარათაშვილის ქუჩაზე ექნება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაივლის წერეთლის გამზირს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს", - წერია განცხადებაში.