თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე მედიას თავდაცვის მინისტრისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მედიისთვის განკუთვნილი სივრციდან მოშორებით, ჯებირებს მიღმა შესვლის საშუალება არ მისცეს, მიკროფონები გამოართვეს და ჯუანშერ ბურჭულაძესთან მიიტანეს, რათა კომენტარი გაეკეთებინა. შესაბამისად, ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს, მინისტრისთვის კითხვები დაესვათ.
მთავრობის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ღონისძიების პროტოკოლით, მედიის წარმომადგენლები ღონისძიების დასრულებამდე თანამდებობის პირებთან და მათ შორის სამხედრო გენერლებთან მიახლოებას და კითხვების დასმას ვერ შეძლებენ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები იმართება.
წელს, გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს. ევროკავშირის დროშები არ გამოფინეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
მთავრობის ადმინისტრაციის თქმით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
პროტესტის ნიშნად, ღონისძიების პარალელურად რუსთაველის გამიზრზე მოქალაქეები ევროკავშირის დროშებით პარლამენტის ტერიტორიისკენ მსვლელობას სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას მართავენ.