კალაძემ ხმა მისცა, კომენტარისას ჟურნალისტებს ზრდილობა დაუწუნა და კითხვებს არ უპასუხა

კალაძემ ხმა მისცა, კომენტარისას ჟურნალისტებს ზრდილობა დაუწუნა და კითხვებს არ უპასუხა

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებზე ხმა მისცა. ის საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა.

ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში - "ერთადერთ ძალას, ქართულ ოცნებას შეუძლია".

"მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა - მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ ქალაქის განვითარება გააგრძელოს ეს არის - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", - თქვა კალაძემ.

კომენტარისას ის ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში დაცულია "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება", ჟურნალისტის ჩაკითხვაზე კი, რაში გამოიხატება ეს, მას ზრდილობა დაუწუნა და კითხვებს არ უპასუხა.

"სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია... რაღაც ზრდილობა ხომ არსებობს, ეთიკა ხომ არსებობს, მესმის, რომ არც ერთი გაგაჩნიათ, არც მეორე, თუ მაცლით... კარგით, მადლობა", - თქვა მან.