"თავისუფლება ლაზარეს" - სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქოსთან აქცია გაიმართება

"თავისუფლება ლაზარეს" - სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქოსთან აქცია გაიმართება

"თავისუფლება ლაზარეს" - ამ სახელწოდებით დღეს, 1-ელ მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილიაა. მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე დაიწყება, სასამართლო პროცესი კი 17:00 საათზეა ჩანიშნული.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.