
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა იმ სანქციების მოქმედება, რომლებიც რუსული მავნე აქტივობების საპასუხოდ 2021 წელს დაწესდა. ამის შესახებ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა.
კონკრეტულად, საუბარია 2021 წლის 15 აპრილს მიღებულ აღმასრულებელ განკარგულება 14024-ზე, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების მიზნით გამოაცხადა.
აღნიშნული ბრძანება შეეხებოდა რუსეთის ქმედებებს, მათ შორის: ჩარევის მცდელობებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დემოკრატიულ არჩევნებში; კიბერშეტევებსა და კიბერსაზიანო ქმედებებს; ტრანსნაციონალური კორუფციის გამოყენებას და მხარდაჭერას უცხო ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად; ჟურნალისტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს რუსეთის საზღვრებს გარეთ; ასევე მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს შეარყიოს სტაბილურობა ისეთ რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები აშშ-ის უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას "განსაკუთრებულ და არაჩვეულებრივ საფრთხეს" უქმნის. სწორედ ამ შეფასების საფუძველზე გადაწყდა სანქციების რეჟიმის ერთი წლით გაგრძელება.