გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ავტორიტარული ინტერნაციონალი და საქართველოს არჩევანი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ავტორიტარული ინტერნაციონალი და საქართველოს არჩევანი

გასული კვირის მთავარი საერთაშორისო მოვლენა იყო ჩინეთში გამართული ფორუმი და მასთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმი, სადაც სი ძინ პინის გვერდით იდგნენ ვლადიმერ პუტინი, კიმ ჩენ ინი და სხვა დიქტატორები.

ეს სცენა უბრალო პროტოკოლური ღონისძიება არ ყოფილა. ეს იყო ავტორიტარული ინტერნაციონალის ვიტრინა, პოლიტიკური სიმბოლო, რომელმაც მსოფლიოს უთხრა: ვაშინგტონი და დასავლეთი აღარ არიან შეუცვლელი ლიდერები, ყალიბდება მრავალპოლარული, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ორპოლუსიანი სამყარო და ახალი ღერძი - აღმოსავლეთიდან – უკვე აცხადებს პრეტენზიას გლობალური წესრიგის გადაკეთება/ფორმირებაზე.

ცნობილი ანალიტიკოსი ჯორჯ ფრიდმანი სწორედ ამას უწოდებს სი ძინ პინ-ის სტრატეგიას - "ალტერნატიული წესრიგის კონსტრუირება". მისი თქმით, ამგვარი ერთიანობა, რომელსაც აფორმებენ ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ნაწილობრივ ინდოეთიც, შეიძლება ჯერ კიდევ მყიფე იყოს, მაგრამ უკვე ქმნის ახალი თამაშის წესებს. ისინი დასავლეთს სთავაზობენ არჩევანს: ან მიიღოს ახალი რეალობა, ან მოემზადოს უფრო ღრმა დაპირისპირებისთვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა?

ჩვენი ქვეყანა საკუთარ თავს დასავლური ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევს. საქართველოს სტრატეგია იყო და არის დასავლური ალიანსების - ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. მაგრამ, თუ მსოფლიო მართლაც შედის მრავალპოლარული ძალაუფლების ეპოქაში, სადაც ერთი ცენტრი აღარ დომინირებს, ეს ნიშნავს, რომ პატარა სახელმწიფოებს არჩევანის სივრცე და საფრთხე ერთდროულად ეზრდებათ.

არჩევანი იმიტომ, რომ შეიძლება გაჩნდეს ახალი ეკონომიკური, ან უსაფრთხოების ფორმატები, სადაც მონაწილეობა ხელმისაწვდომი გახდება. საფრთხე კი იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში, გეოპოლიტიკური ზეწოლა და დაპირისპირება მძაფრდება, ხოლო პატარა ქვეყნები ხშირად ხდებიან დიდი ძალების ანგარიშსწორების ასპარეზი.

ყველაზე საინტერესო მოთამაშე ამ სურათში არის ინდოეთი. ინდოეთი ერთდროულად არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი, მაგრამ ასევე დასავლეთის პარტნიორი, მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატია და კონკურენტი ჩინეთისთვის. ინდოეთის სტრატეგიული არჩევანი ბევრ რამეს განსაზღვრავს: თუ ის დარჩება დასავლეთთან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პოზიციაზე, მაშინ "ალტერნატიული ღერძი" ნაკლებად მდგრადი იქნება. მაგრამ თუ ინდოეთი კიდევ უფრო მეტად გადახრის ბალანსს აღმოსავლეთისკენ, მაშინ გლობალური წესრიგის გარდაქმნა რეალურ და ანგარიშგასაწევ ეტაპზე გადავა.

რა უნდა ვთქვათ საქართველოს პერსპექტივიდან?

პირველი - უნდა გავიაზროთ, რომ დასავლეთის ალიანსის მომავალი უკვე ავტომატურად გარანტირებული აღარ არის. ამერიკასა და ევროპაში რუსეთისდან მომავალი საფრთხეებისა თუ გეოპოლიტიკური გამოწვევების გამო იზრდება კონსოლიდირების ხარისხი, თუმცა მატულობს დაღლილობა გაფართოების იდეების მიმართ, ჩნდება შიდა პრობლემები და უთანხმოებები. ამიტომ მცირე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, უფრო მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, რადგან დასავლეთის მხარდაჭერა თავისთავად აღარ მოვა - ის უნდა დავიმსახუროთ და გავამყაროთ. ეს ერთადერთი შანსია, რომ არ დავრჩეთ დიდ ძალებს შორის "ნეიტრალური ზონი" სტატუსით, ან კიდევ უფრო უარეს და ჩვენს შემთხვევაში, უფრო შესაძლო პერსპექტივაში აღმოვჩნდეთ რუსეთის ღია გავლენის სფეროში.

მეორე – უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო კონკურენცია გაძლიერდება. ჩინეთი და მისი პარტნიორები ცდილობენ ეკონომიკური ხიბლით მიიზიდონ პატარა ქვეყნები. აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო: ინვესტიციები და ვაჭრობა მისაღებია, მაგრამ მოსალოდნელი სარგებელი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური კურსის გასაყიდად არ შეიძლება გამოვიყენოთ.

მესამე – საქართველოსთვის ეს ახალი მსოფლიო დაყოფა/წესრიგი უნდა იქცეს მნიშვნელოვან სტიმულად, რომ საკუთარი უსაფრთხოების სისტემები, თავდაცვისუნარიანობა და რეგიონული პარტნიორობა გავაძლიეროთ. თუ დასავლური ალიანსის ინტერესი სუსტდება, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას (მაგ: თურქეთთან).

დასკვნა

ჩინეთში გამართული ფორუმი და აღლუმი იყო არა მხოლოდ ისტორიული სიმბოლიზმი, არამედ ახალი გეოპოლიტიკური თამაშის გამოცხადება. სიძინპინი მსოფლიოს აჩვენებს, რომ ავტორიტარული ლიდერების ბლოკი მზადაა უფრო აქტიურად იბრძოლოს გავლენისთვის. დასავლეთის წინაშე დგას დილემა: ან მიიღოს ახალი წესრიგის პრინციპებთან თანაარსებობა, ან დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ჩვენთვის ეს არ არის დისტანციური ამბავი/მოვლენა - ის პირდაპირ ეხება საქართველოს მომავალს. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთგულები დასავლური არჩევანისა, რადგან სწორედ აქ არის ჩვენი თავისუფლების, უსაფრთხოების და პროგრესის გარანტია. მსოფლიო, კიდევ უფრო ზუსტად - მსოფლიო წერიგი შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ჩვენთვის არჩევანი უცვლელია: ვისწრაფვოდეთ და ადგილს ვიმკვიდრებდეთ თავისუფლებისა და ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული ლიბერალურდემოკრატიული ღირებულებების მხარეს, სადაც საქართველო თავის თავს ხედავს.

ანუ ფრიდმანისეული "ალტერნატიული წესრიგი" ის მოცემულობაა, რომელზეც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის საწინააღმდეგო ბანაკი შენდება. ავტორიტარულ ინტენაციონალსა და დემოკრატიების კოალიციას, ანუ თავისუფალ სამყაროს შორის არჩევანი არანაირი დილემაა არაა, ეს საქართველოს და ქართველების გადარჩენის, ქართველებად დარჩენის და განვითარების ერთადერთი შანსია.