ტრამპმა 19 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა სრულად ან ნაწილობრივ აუკრძალა

ტრამპმა 19 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა სრულად ან ნაწილობრივ აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც 19 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას სრულად ან ნაწილობრივ უკრძალავს. დოკუმენტი მიზნად ისახავს "ტერორისტული და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებისგან" აშშ-ის დაცვას.

სრული აკრძალვა დაწესდა 12 ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ შორის არიან: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.

ნაწილობრივი შეზღუდვები ეხება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებს — ძირითადად, მათზე აღარ გაიცემა ტურისტული და სტუდენტური ვიზები.

თეთრი სახლის განცხადებით, აკრძალვები შეეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ ვიზების გაცემასა და უსაფრთხოების შემოწმების სტანდარტებში. გამონაკლისები გათვალისწინებულია კანონიერ მაცხოვრებლებზე, მოქმედ ვიზებზე და შემთხვევებზე, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

ტრამპმა გადაწყვეტილება გამოაცხადა TruthSocial-ზე მას შემდეგ, რაც კოლორადოში ეგვიპტის მოქალაქის მიერ ებრაელი აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებში მილიონობით უცხოელია, ვინც ვადაგასული ვიზით ცხოვრობს და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამერიკელებს.

„ევროპაში რაც მოხდა, არ დავუშვებ, რომ ამერიკაშიც განმეორდეს“, — განაცხადა ტრამპმა და არ გამორიცხა, რომ აკრძალვების სიას ახალი ქვეყნები დაემატოს.