კელოგი აცხადებს, რომ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა

კელოგი აცხადებს, რომ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი ადასტურებს.

მისი თქმით, ტრამპის პოზიცია არის, რომ უკრაინული სამხედრო ძალებისთვის მიზანშეწონილია რუსეთის შიდა ტერიტორიაზე შორი რადიუსის დარტყმების განხორციელება.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში კელოგმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ კიევს არასოდეს მოუთხოვია ამერიკული ჯარის გაგზავნა, მათ მხოლოდ იარაღი და მისი გამოყენების ნებართვა სურდათ.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა უკრაინელებს ამერიკული შეიარაღების გამოყენების ნებართვა, კელოგმა აღნიშნა: ეს მთლიანად პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მისი თქმით, შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება სწორედ ტრამპის მიერ არის დაშვებული.

„ხანდახან ეს უფლება აქვთ, ხანდახან — არა. პრეზიდენტის მითითებები ყველასთვის სავალდებულოა. თუ პრეზიდენტი მარცხნივ მიდის, თქვენც მარცხნივ უნდა მიჰყვეთ, თუ მარჯვნივ წავა, თქვენც მარჯვნივ უნდა წახვიდეთ. როდესაც პრეზიდენტი გვეუბნება, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ. ვფიქრობ, მისი სიტყვების, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს განცხადებების შემდეგ, პასუხი ნათელია — გამოიყენეთ შორიდან დარტყმის შესაძლებლობა. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა უსაფრთხო ზონები. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომაც გასულ კვირას ეს დადასტურდა: პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს „ტომაჰავკის“ რაკეტები სთხოვა“, — აღნიშნა კელოგმა.

მისივე თქმით, რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული და საკითხი განხილვის პროცესშია. საბოლოო სიტყვა კი თავად დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.