
მოლდოვაში საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნებზე ხმა 1 597 015-მა ამომრჩეველმა მისცა.
ცნობისთვის, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 48.51 პროცენტი იყო. ეგზიტპოლები არ ჩატარებულა.
დღის მანძილზე გავრცელდა ცნობები კენჭისყრის ჩაშლის მცდელობების შესახებ, მათ შორის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების და მთელი დღის განმავლობაში მოლდოვასა და მის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნებზე ბომბის აფეთქების ცრუ მუქარის თაობაზე.
ინფორმაციისთვის, მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.