გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გერმანია - "ველური დიპლომატია"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გერმანია - "ველური დიპლომატია"

ამ კვირის დასაწყისში ერთ მნიშვნელოვან კითხვას დავსვამ და მინდა, განსაკუთრებით ოცნების მხარდამჭერებს ვთხოვო - თავადაც გულისყურით მოუსმინონ და მასზე პასუხი ჩვენთან ერთად ეძიონ:

- სად მივყავართ პოლიტიკას, რომელიც დასავლეთთან კონფლიქტისა და „ალტერნატიულ პარტნიორობებს“ - არაბულ თუ აზიურ დედაქალაქებთან აჩქარებულ დაახლოების გზას ერთდროულად მიყვება?

პარტნიორობა კარგია, როცა ის არჩევანის გამრავალფეროვნებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და რეგიონულ გახსნილობას ნიშნავს. მაგრამ ის იქცევა საფრთხედ, როცა ფორმირდება როგორც დემოკრატიის განადგურების, დასავლეთთან დაპირისპირებისა და სტრატეგიული კურსის გადამისამართების პოლიტიკა.

გერმანია ამ კონტექსტში გამორჩეული სიმბოლოა - ქვეყანა, რომელმაც პირველად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა; პარტნიორი, რომლის დახმარების კვალიც სისტემურად და ხანგრძლივად ჩანს საქართველოს ყველა სფეროსა და ყველა კუთხეში - ინფრასტრუქტურიდან განათლებამდე.

აქვე უნდა ვახსენოთ ის სპეციფიური, კონტრასტული როლი, რომელიც ეთნიკურად ქართველის - იოსებ სტალინის მიერ გახლეჩილი გერმანიის სხვა ქართველის - ედუარდ შევარდნაძის ბერლინის კედლის დანგრევის და გაერთიანების პროცესში განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. ამ ისტორიული წინაპირობის ფონზე, გერმანიასთან მეგობრობა ჩვენთვის არა მხოლოდ წარსულის ეპიზოდი, არამედ მომავლის სტრატეგიული რესურსია, რომელსაც ივანიშვილის „ველური დიპლომატია“ მიზანმიმართულად ფანტავს და ანადგურებს.

გერმანიის ხმა ევროკავშირში საფრანგეთთან ერთად ყველაზე გავლენიანია - მათ შორის იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

და ახლა, როდესაც დასავლურ დედაქალაქებში საქართველოს შესახებ საუბარი სულ უფრო ხშირად უკავშირდება კითხვაზე პასუხის ფორმირებას: ბოლოს და ბოლოს „ცვლის თუ ინარჩუნებს საქართველო დამოუკიდებლობისა და დასავლური ორიენტაციის ტრადიციულ კურსს?“ - თბილისში ხდება პრეცედენტი: პირველად ურთიერთობების ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულია დასავლელი ელჩი - გერმანელი დიპლომატი. და ეს მხოლოდ „პროტოკოლური“ ეპიზოდი არ არის; ეს არის დიპლომატიური სანქციის ერთ-ერთი ფორმა ყველაზე გავლენიანი ევროპელი პარტნიორის მისამართით.

პარადოქსული ვითარება იქმნება: იმ ფონზე, როცა ქართულ დელეგაციებს საერთაშორისო ტრიბუნებზე რუსეთის სახელის ხსენებაც კი ეკრძალებათ, გაეროში ჩრდილოების ჩრდილის, ანუ ივანიშვილის ჩრდილმა - ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისე ისაუბრა, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უცხოპლანეტელებს ჰქონდეთ დაპყრობილი და თითქოს გუშინ 4–10 წლის ბავშვი გერმანელმა მესაზღვრეებმა მოიტაცეს თამარაშენიდან.

ეს არის რეალობის უსინდისო დამახინჯება, რომელიც ქვეყნის საგარეო რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.

დღეს თბილისში, გერმანიის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობისა და მადლიერების აქცია - საზოგადოების მკაფიო სიგნალი, რომ პარტნიორობა ფასეულია არა მხოლოდ გეოპოლიტიკური „ქულებისთვის“, არამედ ჩვენი უსაფრთხოების, ეკონომიკისა და თავისუფლებისთვის. ეს მადლობა არ არის „ნაივური, გულუბრყვილო ევროპეოფილია“ - ეს არის კარგად გააზრებული და გათვლილი არჩევანი: თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე მდგარი სახელმწიფო და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებულ სისტემებთან და ქვეყნებთან ურთიერთობები უფრო საიმედოა, ვიდრე ავტორიტარებთან გარიგებები და თუნდაც მოკლევადიანი ეკონომიკური დივიდენდები.

სამყარო კვლავ მრავალპოლარული ხდება, მაგრამ ჩვენი კომპასის ორიენტირი ერთია და უკონკურენტო - დასავლური და კონკრეტულად ევროპული წესრიგი და იმ პარტნიორების გვერდით დგომა, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას პრაქტიკულად აძლიერებს.

ეკონომიკური ალტერნატივები შეიძლება და უნდა გვქონდეს, მაგრამ ეროვნული კურსი ვერ იქნება „ალტერნატიული“. დღეს, როცა რუსული ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის ადგილობრივი ფილიალის - ივანიშვილის ოცნების მიერ პროეცირებული მუდმივი საინფორმაციო ხმაურის ფონზე არჩევანი ბუნდოვანდება, საჭიროა მკაფიო სიცხადე: საქართველო არათუ არ ეწინააღმდეგება დასავლეთს - საქართველო თავად არის დასავლეთი აღმოსავლეთში!