
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას რაც შეიძლება მალე და ხელი მოაწეროს წიაღისეულზე შეთანხმებას.
ტრამპმა ეს განცხადება კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ზელენსკის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია:
"ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მას თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს".
ტრამპის თქმით, ის აფასებს, რომ ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა.
"მე ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოაგზავნა"- თქვა მან.
***
პირველ მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა.
თეთრ სახლში თქვეს, რომ ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.