ტრამპის ადმინისტრაცია 530 000 იმიგრანტს ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია 530 000 იმიგრანტს ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ნახევარ მილიონზე კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელსა და ვენესუელელ იმიგრანტს ლეგალური სტატუსი შეუჩერდება.

იმიგრანტებს შეატყობინეს, რომ მათ ქვეყანა ნებართვის ვადის ამოწურვამდე უნდა დატოვონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეერთებულ შტატებს არ დატოვებენ, 24 აპრილიდან დეპორტაცია დაემუქრებათ.

530,000 იმიგრანტი, რომლებსაც ლეგალური სტატუსი გაუუქმდებათ, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს CHNV-ის სპონსორობის პროცესის ფარგლებში შეიყვანეს.

ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ აღნიშნული პროგრამა შეაჩერა.

2022 წელს, CHNV-ის პროგრამა თავდაპირველად ვენესუელელებისთვის შეიქმნა, თუმცა შემდეგ კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ ხალხზეც გავრცელდა.

პროგრამის ფარგლებში, იმიგრანტებს შეეძლოთ თავიანთი ოჯახის წევრები აშშ-ში ჩაეყვანათ და იმ შემთხვევაში, თუ მათ ამერიკელი სპონსორი ჰყავდათ, ქვეყანაში ლეგალური იმიგრანტის დროებითი სტატუსის ქვეშ მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში შეეძლოთ დარჩენა.

პროგრამის მიზანი უკანონო საზღვრის კვეთის აღმოფხვრა იყო აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე.