
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 15 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების დაგეგმილ შეხვედრას "ძალიან მნიშვნელოვანს" უწოდებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს, ამ შეხვედრას შეუერთდეს.
"ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს. მჯერა, რომ ორი ლიდერი იქ იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ჩაფრენაზე. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. თუმცა ვფიქრობ, იქ ჩაფრენაზე", - ამბობს ის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა: "მე ველოდები პუტინს თურქეთში ხუთშაბათს. პირადად. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები მიზეზებს არ ეძებენ", - დაწერა მან.
გასულ კვირას აშშ-ის დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და სანქციებით დაემუქრა, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება.
შაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს რამდენიმე ლიდერმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტაზე მზადყოფნა დააფიქსირეს. 15-წუთიანი საუბრისას აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინა მზად იქნება პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამავე საღამოს პუტინმა ტრამპის მოთხოვნებს უპასუხა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ ეთანხმება, თუმცა მზად არის ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად ხუთშაბათს, სტამბოლში.
ზელენსკის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა Truth Social-ზე უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შეხვედრას დასთანხმდეს:
„თუ ეს მოლაპარაკებები შედგება, უკრაინა შეძლებს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება. თუ არა, ევროპა და აშშ გაარკვევენ, როგორ იმოქმედონ,“ — აღნიშნა მან.