
ალასკაში გამართული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამიტი მეგობრული განცხადებებით, მაგრამ მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა.
მოლაპარაკებების შემდეგ ორივე ლიდერმა შეხვედრა „პროდუქტიულად“ შეაფასა, თუმცა არცერთი მათგანი არ მიუთითებდა რაიმეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, მით უმეტეს - ფართო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. „არ გვაქვს შეთანხმება, სანამ არ იქნება შეთანხმება... იქამდე ვერ მივედით,“ - განაცხადა ტრამპმა.
პუტინმა შეხვედრას „კონსტრუქციული და ბიზნესური“ უწოდა, აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა მისი „ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა“ და თქვა, რომ უკრაინამ და ევროპამ არ უნდა „ჩაშალონ“ მოლაპარაკებები.
სამიტის დასრულებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე დაუკავშირდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს. პუტინმა კი მომავალ შეხვედრაზე მიანიშნა, სიტყვებით - „შემდეგში მოსკოვში“.
შეხვედრა მოსალოდნელზე მოკლე იყო და ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე დასრულდა. მიუხედავად პოზიტიური ტონისა, უკრაინაში ომის მომავალი კვლავ ბუნდოვანი რჩება. პუტინი ალასკას უკვე ტოვებს.