
პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მათი ადვოკატი ლევან მახარაშვილი ადასტურებს.
მისი თქმით, საქმე 19 ტომს მოიცავს და გამოძიება ბაჩიაშვილს ედავება, რომ წლების წინ მშობლებს ბინა და ორი ავტომობილი შეუძინა, რაც პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად შეაფასა. „ეს მოქმედი კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დადასტურდეს,“ – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილმა მშობლების დახმარებით 2017–2023 წლებში დაახლოებით 2,9 მილიონი დოლარი და 1,09 მილიონი ლარი უკანონოდ გაათეთრა. უწყების განმარტებით, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული ბაჩიაშვილის ქონების შეძენისა და შემდგომი ლეგალიზაციის პროცესში.
ბრალდება 9–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.