
ევროკავშირი უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად დრონების შესაძენად 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავდაცვის საკითხებზე კომისიის კოლეგიისა და ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინასთან შევთანხმდით, რომ სულ 2 მილიარდ ევროს დავხარჯავთ დრონებზე. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად, ევროკავშირიც სარგებელს მიიღებს ამ ტექნოლოგიიდან,“ – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, უკრაინა დღეს ევროპის „პირველი თავდაცვითი ხაზი“ არის, ამიტომ მხარდაჭერა არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ უშუალოდ კონტინენტის უსაფრთხოებისთვისაც გადამწყვეტია. ფონ დერ ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთი ფლანგის“ ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად სპეციალური „დრონ-სადგურების“ შექმნას ითვალისწინებს.