ტრამპი: მზად ვართ, რუსეთს მძლავრი ტარიფები დავუწესოთ, თუმცა ევროპა უნდა გამოცოცხლდეს

ტრამპი: მზად ვართ, რუსეთს მძლავრი ტარიფები დავუწესოთ, თუმცა ევროპა უნდა გამოცოცხლდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, რუსეთს "ძალიან ძლიერი და მძლავრი ტარიფები" დაუწესოს, თუ ის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებისთვის მზად არ იქნება.

მან ევროპის სახელმწიფოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგან.

კერძოდ, პრეზიდენტის განცხადებით, იმისთვის, რომ ტარიფები ეფექტიანი იყოს, ევროპულმა ქვეყნები აშშ-ს უნდა შეუერთდნენ და „ზუსტად იგივე ზომები მიიღონ“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას რუსეთისგან გაზის მიღება არ შეუწყვეტია. მისი თქმით, ამით ისინი „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ“, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი „სამარცხვინოს“ უწოდებს.

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ „სწრაფი, პატარა შეტაკება უნდა ყოფილიყო“ და მისი გაჭიანურება რუსეთს არა კარგად, არამედ ცუდად წარმოაჩენს.

პრეზიდენტის თქმით, მას ეგონა, რომ ეს კონფლიქტი ყველაზე იოლი გადასაჭრელი იქნებოდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი ურთიერთობა ყოველთვის „კარგი იყო“.

„ომში არ იცი, რა მოხდება, ყოველთვის ბევრი სიურპრიზია, როგორც კარგი, ისე ცუდი“, - ამბობს ის.