"ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში, მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის ნაცვლად, საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა "მიუღებელი და გაუგებარია."
"რუსთავი 2-ს" "ოცნების" საგარეომ უთხრა, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
"ოცნების" საგარეოში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში "რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წახალისებას" ემსახურება.
"საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადობის საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს როლის გათვალისწინებით, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა, ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად.
ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით", - აცხადებენ საგარეოში.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გასამართ ევროკავშირის მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს.
მან დაწერა, რომ, ნაცვლად, საქართველო მინისტერიალზე ელჩის დონეზე იქნებოდა წარმოდგენილი.