ჩირაგოვი: ზეწოლა არ ყოფილა, ბოლნისის მერობის კანდიდატურა ჩემი ნებით მოვხსენი

ჩირაგოვი: ზეწოლა არ ყოფილა, ბოლნისის მერობის კანდიდატურა ჩემი ნებით მოვხსენი

ასეფ ჩირაგოვი, რომელმაც ბოლნისში თავისი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა ამტკიცებს, რომ მასზე "ოცნების" მხრიდან ზეწოლა არ განხორციელებულა და მან აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

იგი ასევე აცხადებს, რომ მას ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძესთან "არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ აქვს".

"ზეწოლა არ იყო არაფერში, საერთოდ. არავინ ამაში არ ჩარეულა, ეგ არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. საერთოდ არ მისაუბრია მაგაზე, არც პოლიციელი, არც სხვა ვინმე, არავინ [არ იყო]. ირაკლი კუპრაძესთან არანაირი ურთიერთობა და კავშირი არა მაქვს, არასდროს სატელეფონო კომუნიკაცია არ გვქონდა. ბოლნისში, სადაც გავიზარდე, მინდოდა, რომ იქ მემსახურა, მაგრამ მერე, რაღაც პერიოდის შემდეგ გავიგე, რომ ესენი სიმშვიდის მოპირდაპირე რაღაცას აპირებენ და მე არ მინდა, რომ ამის წევრი ვიყო," - აღნიშნა ასეფ ჩირაგოვმა.

გუშინ, 22 სექტემბერს ლელოს კანდიდატმა თავისი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა.

დღეს კი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეფ ჩირაგოვის მიმართ "მძიმე წნეხი" გამოიყენეს.

მისი თქმით, 4 დღის წინ, ასეფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ლელოს პარტიულ ორგანიზაციას და განუცხადა, რომ მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი იყო მისული, რომელმაც მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ - რაზეც ჩირაგოვმა უარი განაცხადა.

კუპრაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ ბოლნისის მერობის უკვე ყოფილ კანდიდატზე "ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი" განხორციელდა.

"მას ქართული ოცნება რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ ქართული ოცნება სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ, ასეფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა.

ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ", - განაცხადა კუპრაძემ ბრიფინგზე.