
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავედ აკრიტიკებს ისრაელს მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედება გამოაცხადა, თუმცა ისრაელმა მყისიერად განაახლა მასობრივი საჰაერო დარტყმები. პრეზიდენტის თქმით, ისრაელის ქმედება დაუყოვნებლივ და არაპროპორციულად მოჰყვა ირანული რაკეტის გაშვებას, რომელიც, მისი შეფასებით, შესაძლოა შეცდომით იყო გასროლილი.
„მათ ვუთხარი – გაქვთ 12 საათი და ამ დროის ფარგლებში უნდა შეაჩეროთ ცეცხლი. მაგრამ ისრაელი მაშინვე გამოვიდა და მთელი არსენალით დააცხრა ირანს. ასე არ ხდება. ძალიან გავბრაზდი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლიდან ნატოს სამიტისკენ გამგზავრების წინ.
„ორი ქვეყანა გვყავს, რომლებიც იმდენი ხანია იბრძვიან, რომ აღარ იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ორივემ დაარღვია: „ირანმაც დაარღვია, მაგრამ ისრაელმაც დაარღვია“.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ „არ არის კმაყოფილი არც ისრაელით და არც ირანით“, თუმცა განსაკუთრებულად გააკრიტიკა ისრაელის მოქმედებები ზავის გამოცხადების შემდეგ: „მთელი ღამის განმავლობაში ისეთი ბომბები ჩამოყარეს, როგორიც არასდროს მინახავს.“
იქამდე
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ტრამპის შუამავლობით იქნა მიღწეული მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე გაგრძელდა ინტენსიური სამხედრო დაპირისპირება ირანსა და ისრაელს შორის. ისრაელმა არაერთი მასშტაბური დარტყმა მიაყენა თეირანის ობიექტებს, მათ შორის ბირთვულ ინფრასტრუქტურასა და რეჟიმის სამმართველო სტრუქტურებს.
ოფიციალურად, ცეცხლის შეწყვეტა დილით, 7 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ისრაელმა ღამით განახორციელა ინტენსიური საჰაერო დარტყმები, რასაც მოჰყვა ირანული რაკეტის გასროლა.