
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დასავლეთიდან მომავალ „ნებისმიერ სტრატეგიულ საფრთხეს“ უპასუხოს არა სიტყვებით, არამედ „სამხედრო და ტექნიკური ზომებით“.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთის "დესტრუქციულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად შეარყია კონსტრუქციული ურთიერთობებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის საფუძვლები ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის“.
მისი აზრით, ამან დიალოგის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებზე მოახდინა გავლენა.
"დასავლეთის ქვეყნების მიერ ადრე გადადგმული საკმაოდ დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად, მნიშვნელოვნად შეირყა კონსტრუქციული ურთიერთობებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის საფუძვლები ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის. შეირყა დიალოგის საფუძვლები შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში", - თქვა მან.
ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერმა ასევე დაამატა, რომ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის გაგრძელებაზე უარის თქმა რუსეთისთვის „იძულებითი ნაბიჯია.“