ორგანიზაცია Canvas-ის წევრი, რომელიც USAID-ის ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ნინო გოგიბერიძე ფორმულასთან ამბობს, ის გამოკითხვაზე დაბარებული 315-ე მუხლით არის.
"სუს-ი ორი კვირაა განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს გადატრიალებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოჰკითხეს ჩემი სერბი კოლეგები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით [დამიბარეს].
როგორც მე განმემარტა, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული 315-ე მუხლით... მე მგონია, რომ ამას აქვს პროპაგანდის ხასიათი, მათ სურვილი აქვთ, შეაკოწიწონ და წარმოუდგენელი სცენარები ააწყონ, რომ ვიღაცები ტრენინგებს გადიან სახელმწიფო დამხობის საკითხებზე", - განაცხადა მან.
მანამდე, 29 სექტემბერს ხელისუფლების დამხობის მორიგი საქმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორგანიზაცია კანვასის წარმომადგენლები გამოჰკითხეს - ისინი სერბეთის მოქალაქეებია არიან და საქართველოში პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.
მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებზე ორგანიზაცია CANVAS საქართველომ დღეს განცხადება გაავრცელა და ეს ზეწოლად შეაფასა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ სუს-ის ბრალდებებამდე იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა მათი დირექტორის მისამართით მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს.