სუს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ხელისუფლებამ ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა

სუს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ხელისუფლებამ ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპანტების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა.

სუს-ის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში", - წერია სუს-ის განცხადებაში.

***

სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი გაიტაცეს.

მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა "ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას".

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თანახმადაც, "მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ."

"მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად", - წერია ღარიბაშვილის განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები "სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა". პარტიები დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება ამბობენ, რომ "ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია - ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს. საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და მეორე მოქალაქის გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ფაქტთან დაკავშირებით საგამოძებო მოქმედებები" მიმდინარეობს.