დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.
"ვამაყობ იმით, რომ დღეს თქვენ გვერდით ვდგავარ, ისრაელისთვის ყველაზე ბნელ დროს, როგორც თქვენი მეგობარი.
ჩვენ სოლიდარულად ვიდგებით თქვენს გვერდით, ჩვენ ვიდგებით თქვენს ხალხთან. ასევე გვსურს, რომ გაიმარჯვოთ", - განაცხადა სუნაკმა.
ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ შოკირებული იყო საავადმყოფოს დაბომბვის კადრების გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე ჰამასის მსხვერპლია და მიესალმება ისრაელის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში დახმარების გატარების შესახებ.
გარდა ამისა, გამოსვლის დასაწყისში სუნაკმა პარალელი გაავლო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან ბრძოლასთან:
"80 წლის წინ მსოფლიო შენს გვერდით იდგა შენს ყველაზე ბნელ დროს".
ნეთანიაჰუმ კონფლიქტი შეაფასა, როგორც სიკეთისა და ბოროტების, თანამედროვეობისა და ბარბაროსობის დაპირისპირება და თქვა, რომ ისრაელისთვისაა და მსოფლიოსთვის "ეს ყველაზე ბნელი დროა".
"ეს არის დასავლური ცივილიზაციის ბრძოლა, თავისუფალი სამყაროს ბრძოლა, ბრძოლა მომავლისთვის. აქ ორი ძალა გვყავს. ერთი არის ბოროტების ღერძი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირანი ჰეზბოლას, ჰამასის და სხვათა მეშვეობით, რომელთაც სურთ დააბრუნონ ახლო აღმოსავლეთი შუა საუკუნეებში, მონობის, ომისა და განადგურების ხანაში. სხვა ძალები - პროგრესისა და ჰუმანურობის ძალები - რომლებსაც სურთ, აღმოსავლეთი მშვიდობისა და კეთილდღეობის სამყაროში გადაიყვანონ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
"ჰამასი ახალი ნაცისტები არიან", - აღნიშნა ისრაელის ლიდერმა.