სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ცნობით, სტრასბურგის სასაართლომ საქართველოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადაცია აუკრძალა.

ორგანიზაცია ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა.

SJC-ს თანახმად, აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო.

ორგანიზაცია წერს, რომ ამ კონტექსტში, 2025 წლის 10 იანვარს (მანამდე კი 2024 წლის 9 დეკემბერს) მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენება და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს 41-ე წესის საფუძველზე უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

ეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული სასამართლოების დონეზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საქმის განხილვა. ამასთან, არსებობდა თეორიული შანსი, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. ევროპული სასამართლო არ შეიჭრა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში და დაელოდა ეროვნული დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ბოლომდე ამოწურვას. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე ევროპული სასამართლო სწორედ ეროვნული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს.

ამ წუთებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგზავნის წერილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ ვითხოვთ, დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადის გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ანრი ოხანაშვილს:

  • ჯეროვნად აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, ამ მიზნით მიიღონ ყველა ზომა, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დროული კოორდინაცია.
  • არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს, და უპირობოდ დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში.

**

3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ - 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს.

ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად შიმშილი გამოაცხადა.