შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 1 ადამიანი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ე.მ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება მომართვების საფუძველზე დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
5 ივნისს გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ ქალთა ალიანსმა მიმართა და სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე გარყვნილ ქმედებასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.
გამოცემის ცნობით, საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.