შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა - მას 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაზე ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათ სხვადასხვა საგანს ესროდა.

როგორც ცნობილია, გამოძიება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია საპროტესტო აქციების მონაწილე 40-მდე ადამიანი, ხოლო ადმინისტრაციული წესით - 400-ზე მეტი პირი.