შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ისინი გამოეხმაურნენ მედიასაშუალებების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დააზიანეს და მანქანა დააჯახეს.
"განვმარტავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული.
ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება", - ნათქვამია განცხადებაში.