შემოსავლების სამსახური: მოკვლევა დაიწყო ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძის ოჯახის ბინას ქირაობს

შემოსავლების სამსახური: მოკვლევა დაიწყო ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძის ოჯახის ბინას ქირაობს

შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ, იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იქამდე:

ბოლო თვეებში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და პროსახელისუფლებო მედიის მხრიდან პროპაგანდისტული თავდასხმების მთავარ სამიზნედ იქცა. კრიტიკა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ელჩი დაესწრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს და ინტერვიუ მისცა პლაკატის – „თავისუფლება მზიას“ – ფონზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფიშერი მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

ელჩი ასევე გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ამაღლობელის შესაძლო მკაცრი სასჯელის პროპორციულობა. „ბათუმელებმა“ უარყვეს პაპუაშვილის ბრალდებები და განაცხადეს, რომ ელჩს მიეწოდა სხდომის თარგმანი, პროცესს კი სხვა დიპლომატებიც ესწრებოდნენ.

ფიშერი კრიტიკის ქვეშ მოექცა სახელისუფლებო მედიაშიც – არხმა „იმედმა“ ის „რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორად“ მოიხსენია. დიპლომატებზე შეტევა კიდევ უფრო გაამწვავა „ოცნების“ იდეოლოგმა ზაზა შათირიშვილმა, რომელმაც მთავრობას საელჩოების საქმიანობის შეზღუდვისკენ მოუწოდა.