შეერთებული შტატები ისრაელს სამხედრო დახმარებას უგზავნის

შეერთებული შტატები ისრაელს სამხედრო დახმარებას უგზავნის

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას მიაწვდის. გარდა ამისა, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებს გააძლიერებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, საფრენი ტექნიკის გადამზიდი USS Gerald R. Ford და მისი თანმხლები ხომალდები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ უკვე გაშვებულია.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სწრაფად მიაწვდის ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს, მათ შორის, საბრძოლო მასალას. უსაფრთხოების პირველი დახმარების მიწოდება დღეს დაიწყება და უახლოეს დღეებში ჩამოვა", - აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებაში.

***

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.