პროკურატურა ხაბეიშვილის პატიმრობას, ზოდელავას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა ხაბეიშვილის პატიმრობას, ზოდელავას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარედგინათ. შესაბამისი განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.

უწყება სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება - უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

"2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში - სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.

ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს. [...]

გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს. ".

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

"შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.

ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს.