
გაეროში 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
შესაბამისი განცხადება პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა.
ქვეყნები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევასთან ერთად, რუსეთის ეს ქმედება არის ესკალაცია, რომელიც რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს.
ამასთან, მასში მოწოდებაა რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი.
"ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების კიდევ ერთ უხეშ დარღვევას. [...]
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან პირველად, პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობა და, ამავდროულად, NATO-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ და მასობრივი მასშტაბით დაირღვა.
ამ აღმაშფოთებელ ინციდენტს წინ უძღოდა წარსულში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის სხვადასხვა დარღვევა. შესაბამისად, პოლონეთმა, პირველად თავის ისტორიაში, გადაწყვიტა, მოეთხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, პრევენციული დიპლომატიის სულისკვეთებით.
სხდომის მოთხოვნა მოხდა, რადგან რუსეთის უგუნური ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან ბოლო წლებში ყველაზე მეტად აახლოებს.
ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობაა საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად...", - აცხადებენ ქვეყნები.
პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადება 46 ქვეყნის მთავრობების და ევროკავშირის დელეგაციის სახელით წაიკითხა. განცხადებას შეუერთდნენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნორვეგია, ნიდერლანდები, ახალი ზენლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირის დელეგაცია და პოლონეთი.